მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება
28 აგვისტო 2026
სომხეთიდან ჩამოყვანილ პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
გოლდენ რეტრივერი ჯესი სომხეთიდან მეორედ ჩამოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, ამჯერად მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ართროპლასტიკის, ანუ სრული ჩანაცვლების გასაკეთებლად.
ჯესის დამოუკიდებლად გადაადგილება მნიშვნელოვნად ჰქონდა გაძნელებული. ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, მას ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაუდგინა, თუმცა იმ ეტაპზე პაციენტის წინაშე სხვა სახის რთული პრობლემა იდგა.
თვეების წინ ჯესის სომხეთში მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა დაუდგინდა და სომხეთშივე გაუკეთდა ოპერაცია ლატერალური ნაკერის ტექნიკით. სამწუხაროდ, პოსტოპერაციულ პერიოდში განვითარდა ინფექცია, რომელსაც ჩირქოვანი გამონადენი ახლდა. დიდი ალბათობით, პირველადი ოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ლატერალური და მედიალური კოლატერალური იოგების, უკანა ჯვარედინი იოგისა და მენისკების იატროგენულ დაზიანებას. კოლატერალური იოგების მნიშვნელოვანი დაზიანების პირობებში კი მუხლის სახსრის სრული პროთეზირება მიზანშეწონილი არ იყო.
პაციენტის პატრონი დაუკავშირდა ვეტერინარიუმს და ოპტიმალური გამოსავლის მოსაძებნად ჯესი სომხეთიდან საქართველოში ჩამოიყვანა. სწორედ ასე მოხვდა ჯესი პირველად ვეტერინარიუმში.
კლინიკის მთავარი ვეტერინარის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის გადაწყვეტილებით, ოპერაციის ზუსტად დასაგეგმად პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. მიღებული მონაცემების საფუძველზე დაიგეგმა პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებული 3-განზომილებიანი იმპლანტის დამზადება და შესაბამისი ქირურგიული გაიდების გამოყენება, რაც ოპერაციის მაქსიმალური სიზუსტისა და ოპტიმალური შედეგის მისაღწევად იყო აუცილებელი.
შედეგად, ჯესის ჩაუტარდა მუხლის სახსრის ართროდეზი - რთული და ტექნიკურად კომპლექსური ოპერაცია, რომლის დროსაც სახსარი ფუნქციურად ხელსაყრელ პოზიციაში ფიქსირდება, ხოლო ძვლები ერთმანეთთან შერწყმის გზით ერთიანდება.
ჯესის პირველი ოპერაცია ვეტერინარიუმში კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ ჩაატარა. ანესთეზიას მართავდა ნათია რობაქიძე, ხოლო ქირურგიულ გუნდს ასისტირებას უწევდნენ ლუკა ღლონტი და გიორგი ლოლაძე.
პირველი ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის წარმატებით გავლის შედეგად შესაძლებელი გახდა შემდეგი ეტაპის, მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების დაგეგმვა. 20 აგვისტოს ოპერაცია მარჯვენა უკანა კიდურზე ჩატარდა და ჯესის მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა KYON-ის ციურიხის უცემენტო საპროთეზო სისტემით. აღნიშნული ოპერაცია საქართველოში ცხოველს პირველად გაუკეთდა.
KYON-ის ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების სისტემა (Z-THR) წამყვანი შვეიცარიული ვეტერინარული ორთოპედიული კომპანიის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი პროთეზირების სისტემაა. მან მნიშვნელოვნად შეცვალა ძაღლებში მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროპლასტიკის მანამდე არსებული პრაქტიკა, რადგან ძვლის ცემენტის გამოყენების გარეშე უზრუნველყოფს იმპლანტის მყარ პირველად ფიქსაციას, შემდგომ ოსტეოინტეგრაციასა და ხანგრძლივ სტაბილურობას.
ოპერაცია ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ ჩაატარა. მას ასისტირებას უწევდა ბელგიელი ვეტერინარი ორთოპედი ქირურგი და KYON-ის ინსტრუქტორი კრის ქემფსი (Kris Camps), რომელიც ამ ოპერაციების ჩასატარებლად სპეციალურად ეწვია საქართველოს. რამდენიმესაათიანი და რთული ანესთეზიოლოგიური პროცესი პროფესიონალურად მართა ვეტერინარიუმის ანესთეზიოლოგმა და კარდიოლოგმა, ნათია რობაქიძემ. ქირურგებს ასისტირებას უწევდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი ლუკა ღლონტი.
ჯესი უკვე სომხეთშია და მისი რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. შემდეგ ეტაპზე იგეგმება მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება KYON-ის ციურიხის უცემენტო პროთეზირების სისტემით.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა ვეტერინარიუმი პირველი დაწესებულება გახდა რეგიონში, სადაც ცხოველებისთვის მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება KYON-ის უცემენტო პროთეზირების სისტემით არის ხელმისაწვდომი.
პოსტს თან ახლავს ვეტერინარიუმში გადაღებული ფოტოები.
მსგავსი სიახლეები
27 აგვისტო 2026
თანდაყოლილი გულის მანკი
24 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026
მარიამ ბერიშვილი ESAVS-ის პროგრამით, გადამზადებას გაივლის
16 აგვისტო 2026