საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
დიდებული ამბავი: საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
20 აგვისტოს კლინიკა ვეტერინარიუმში, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში პირველად, ცხოველებს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების (Total Hip Replacement - THR) ოპერაციები გაუკეთდად შვეიცარიული კომპანია KYON-ის ციურიხის უცემენტო პროთეზირების სისტემის გამოყენებით.
გუშინ ვეტერინარიუმში მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების 2 ოპერაცია ჩატარდა. პაციენტები იყვნენ:
- გოლდენ რეტრივერი, რომელიც ამ ოპერაციის ჩასატარებლად სპეციალურად სომხეთიდან ჩამოიყვანეს
- გერმანული ნაგაზი, რომელიც ამერიკელი ოჯახის კომპანიონი ცხოველია
ოპერაციები ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ გააკეთა. მას ასისტირებას უწევდა ბელგიელი ვეტერინარი ორთოპედი ქირურგი და KYON-ის ინსტრუქტორი კრის ქემფსი (Kris Camps), რომელიც სპეციალურად ამ ოპერაციებისათვის ეწვია საქართველოს.
კრის ქემფმა ვეტერინარული განათლება ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი ნაწილი კი ნიდერლანდებსა და შვედეთს უკავშირდება. ქირურგი ქემფსის განსაკუთრებული პროფესიული ინტერესებია მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება (THR), ართროსკოპია, TTA, TTA2 და TPLO პროცედურები, კიდურების დეფორმაციების კორექცია და ართროდეზი. როგორც KYON-ის ინსტრუქტორი, იგი ვეტერინარ ქირურგებს თანამედროვე ორთოპედიული ტექნიკებისა და სისტემების გამოყენებაში ამზადებს.
რამდენიმესაათიანი და რთული ანესთეზიოლოგიური პროცესი პროფესიონალურად მართა ვეტერინარიუმის ანესთეზიოლოგმა და კარდიოლოგმა, ნათია რობაქიძემ.
ორივე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამჟამად პაციენტები რეაბილიტაციის პროცესს გადიან.
შვეიცარიული კომპანია KYON-ის უცემენტო სისტემით ცხოველებში მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების დანერგვა საქართველოს ვეტერინარული სფეროს განვითარების ახალი მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ შესაძლებლობის შექმნით საქართველო მოწინავე ვეტერინარული ორთოპედიული მომსახურებით უცხოელი პაციენტებისთვისაც საინტერესო მიმართულებად იქცევა.
ამ მნიშვნელოვანი წინსვლის განხორციელებაში ფასდაუდებელია კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის წვლილი. ფონდმა ინვესტიცია განახორციელა:
- KYON THR-ის ქირურგიული ინსტრუმენტების სრული კომპლექტის შეძენაში
- ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის, აშშ-სა და იტალიაში გადამზადებაში
KYON THR-ის ქირურგიული ინსტრუმენტების კომპლექტი შექმნილია მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების თითოეული ეტაპის ზუსტად და უსაფრთხოდ შესასრულებლად. ასეთი სრულყოფილი ინსტრუმენტები აუცილებელია პროთეზის დიდი სიზუსტით განთავსებისთვის, რაც ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
KYON-ის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სრული პროთეზირების სისტემით დამოუკიდებლად მუშაობის უფლების მოპოვება რთული და მრავალეტაპიანი პროცესია. ამისთვის ქირურგმა KYON-ის სრული საგანმანათლებლო და მენტორობის პროგრამა (KYON Educational Pathway) წარმატებით უნდა გაიაროს.
კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მხარდაჭერით, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ წარმატებით გაიარა KYON-ის საერთაშორისო ქირურგიული ვორქშოპი, რომელიც 2025 წლის აგვისტოში ბოსტონში, აშშ-ში გაიმართა. გარდა ამისა, იგი ორჯერ იმყოფებოდა იტალიაში KYON-ის წამყვან ინსტრუქტორსა და გამორჩეულ ვეტერინარ ორთოპედ ქირურგთან, ალდო ვეცონისთან, სადაც მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების ოპერაციებში მონაწილეობდა და ხარისხიან პრაქტიკულ მომზადებას გადიოდა.
KYON შვეიცარიული ვეტერინარული ორთოპედიული კომპანიაა, რომელიც წვრილ ცხოველებში სახსრების ჩანაცვლებისა და მოტეხილობების მკურნალობისთვის შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიებითაა ცნობილი. კომპანია ვეტერინარ ქირურგებსა და ბიომედიცინის ინჟინრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სრული პროთეზირების სისტემაა, რომელმაც ცხოველებში მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების პრაქტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. სისტემა ცემენტის გამოყენების გარეშე უზრუნველყოფს ძვლის იმპლანტის მყარ პირველად ფიქსაციას და მის ხანგრძლივ სტაბილურობას. იმპლანტების მოდულური აგებულება კი ქირურგს საშუალებას აძლევს, თითოეული პაციენტისთვის შესაბამისი ზომისა და კომბინაციის კომპონენტები შეარჩიოს.
პოსტს თან ახლავს ვეტერინარიუმში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია:
- ოპერაციების პროცესი
- KYON-ის ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სრული პროთეზირების სისტემა
- ოპერაციებისათვის გამოყენებული KYON-ის ქირურგიული ინსტრუმენტების ნაწილი
თითოეული პაციენტისა და ჩატარებული ოპერაციის შესახებ დეტალურ პოსტებს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.