2 წლის მეტისი კატა, სახელად მაია
08 სექტემბერი 2026
8 აგვისტოს კლინიკა ვეტერინარიუმში მოიყვანეს 2 წლის მეტისი კატა, სახელად მაია. სხვა კლინიკაში მიიჩნიეს, რომ მისი უკანა კიდურის შენარჩუნება შეუძლებელი იყო და აუცილებელ ამპუტაციას საჭიროებდა. მისი უკანა კიდურის ჭრილობა, რომელიც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით იყო მიყენებული, უკიდურესად ინფიცირებული იყო და მასში მატლები აღენიშნებოდა. თუმცა, მაიას პატრონმა, კიდურის გადარჩენის იმედით ჩვენ მოგვმართა.
მთავარი სირთულე მხოლოდ ჭრილობა არ ყოფილა. შემთხვევამდე მაია დაკარგული იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში საკვებს ვერ იღებდა. ასეთ დაუძლურებულ მდგომარეობაში კიდურის ამპუტაცია, მის სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს შეუქმნიდა.
თავდაპირველად პაციენტი ვეტერინარიუმის თერაპევტმა, მარიამ ბერიშვილმა მიიღო. ფიზიკალური გამოკვლევით კატა იყო ძალიან ლეთარგიული, დაახლოებით 8%-იანი დეჰიდრატაციით (კანის ელასტიურობა მკვეთრად დაქვეითებული). პაციენტს მადა საერთოდ არ ჰქონდა, წყალს მცირე რაოდენობით სვამდა, აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და ფერმკრთალი ლორწოვანი გარსები. კატების შემთხვევაში 3-დღიანი შიმშილობა მკვეთრად ზრდის ღვიძლის ლიპიდოზის განვითარების საფრთხეს, ხოლო ძლიერი დეჰიდრატაცია თირკმლის მწვავე უკმარისობის, პანკრეატიტის და სხვა პათოლოგიების რისკებს.
სრული სურათის შესაფასებლად დაუყოვნებლივ ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები (სისხლის კლინიკური პროფილი მორფოლოგიით, სისხლის ბიოქიმიური პროფილი და ელექტროლიტების კვლევა), სადაც კრიტიკული მდგომარეობა დადასტურდა:
- სისხლის საერთო ანალიზში ვლინდებოდა ლეიკოპენია (WBC 3.9 x 10⁹/l, ნორმა: 5.5-18.5 c 10⁹/l), მკვეთრი ანემია (ჰემატოკრიტი 15.7%, ნორმა: 29-48%)
- სისხლის ბიოქიმიური კვლევაში მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი:
- კრეატინინი 224 μmol/l (ნორმა: 60-115 μmol/l)
- შარდოვანა 45.39 mmol/l (2.5-7.1 mmol/l)
- AST 647 U/l (< 40 U/l)
- საერთო ბილირუბინი 56 μmol/l (3.4-21.0 μmol/l)
- საერთო ცილა 54 g/l (64-83 g/l)
- ალბუმინი 19 g/l (35-50 g/l)
ჩვენი კლინიკის მთავარ ვეტერინართან, ლაშა-გიორგი ჯაფარიძესთან კონსულტაციის შედეგად, რისკების შეფასების შემდეგ, უარი ითქვა კიდურის ამპუტაზციაზე. ვეტერინარიუმის გუნდის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სწორი ადგილობრივი მკურნალობის პირობებში, ორგანიზმი თავად მოიშორებდა ნეკროზულ ქსოვილებს. მთავარი აქცენტი ინტენსიურ თერაპიაზე, ტკივილგამაყუჩებლებსა (ანალგეზია) და დღის სტაციონარულ მკურნალობაზე გაკეთდა.
მაიამ კლინიკის დღის სტაციონარში 3 დღე დაჰყო, მალევე დაიწყო საკვების მიღება და კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ვლინდებოდა. სტაციონარული მკურნალობის განმავლობაში ვეტერინარიუმის თერაპევტი რიჩარდ თავდგირიძე და ასისტენტი მარიამ კაპანაძეც იყვნენ ჩართულები.
11 აგვისტოს განმეორებითმა ანალიზებმა მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა: კრეატინინი 60-მდე (224 μmol/l-დან), ხოლო შარდოვანა 5.81-მდე (45.39 mmol/l-დან) ჩამოვიდა. ნორმას დაუბრუნდა სხვა ყველა მაჩვენებელი, გარდა ალბუმინისა. ამ შემთხვევაში პირიქით კლება აღინიშნებოდა (alb-14 g/l).
მაიას შემთხვევაში ალბუმინის კარგვის მთავარი მიზეზი დიდი, ღია ჭრილობა (albumin loss via inflammation) და წინა დღეების შიმშილობა იყო. ალბუმინის დეფიციტმა ონკოზური წნევის შემცირება გამოიწვია, რის გამოც მუცლის ღრუში მცირე რაოდენობით თავისუფალი სითხე გაჩნდა. განიხილებოდა ალბუმინის ტრანსფუზიის საჭიროებაც, თუმცა ვეტერინარების გუნდმა გადაწყვიტა მაღალცილოვანი დიეტის დანიშვნა და ალბუმინის ყოველდღიური მონიტორინგი.
მომდევნო დღესვე, 12 აგვისტოს, საერთო ცილა 45 g/l-მდე, ხოლო ალბუმინი 16 g/l-მდე გაიზარდა. მაიას მდგომარეობა დასტაბილურდა და მან მკურნალობა სახლის პირობებში განაგრძო.
დღეს მაია თავს ბევრად უკეთ გრძნობს, ხოლო მისი ფეხის გადარჩენისა და ჭრილობის შეხორცების შთამბეჭდავი ფოტოები თან ახლავს პოსტს.