სანის ისტორია
11 ნოემბერი 2026
სანის ისტორია: სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება გულის დაავადების ბოლო სტადიაზე
გაიცანით სანი, 12 წლის ტაქსა, რომელიც 8 თვის წინ ვეტერინარიუმში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე მოიყვანეს.
ვეტერინარიუმში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე სანის სხვა კლინიკაში გულის ულტრასონოგრაფიულკ კვლევა ჩაუტარდა, რომლის დროსაც პათოლოგია არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, სანის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. მას აღენიშნებოდა ხველა, მოუსვენრობა, ქოშინი, ადვილად დაღლა და სუნთქვის გაძნელება.
კლინიკური ნიშნების პროგრესირების გამო, სანის პატრონმა გადაწყვიტა, დამატებითი კარდიოლოგიური გამოკვლევისთვის ვეტერინარიუმისთვისაც მოემართა.
სანი მიიღო ვეტერინარიუმის კარდიოლოგმა, ნათია რობაქიძემ. ანამნეზისა და ფიზიკური გამოკვლევის საფუძველზე დაინიშნა გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა, რომელმაც გამოავლინა კარდიომეგალია (გულის გადიდება) და ფილტვების შეშუპება.
ამის შემდეგ სანის ჩაუტარდა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა მძიმე კარდიოლოგიური პათოლოგია: მიტრალური სარქვლის მიქსომატოზური დაავადების ბოლო სტადია (ACVIM MMVD Stage D). ACVIM-ის კლასიფიკაციით, D სტადია გულის უკმარისობის ყველაზე მძიმე, რეფრაქტერულ სტადიას წარმოადგენს, რომლის მართვაც განსაკუთრებით რთული და კომპლექსურია.
სანის ასევე ჩაუტარდა სისხლის საერთო, ბიოქიმიური და ელექტროლიტების კვლევები. ყველა გამოკვლევის შედეგისა და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ვეტერინარიუმის კარდიოლოგმა და ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ, სანის პატრონს დეტალურად განუმარტა დიაგნოზი, დაავადების სიმძიმე, პროგნოზი და მკურნალობის შესაძლებლობები.
მიუხედავად დაავადების მძიმე სტადიისა, სანისთვის შემუშავდა ინდივიდუალური, ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობისა და მონიტორინგის გეგმა.
მკურნალობამ დადებითი შედეგი გამოიღო. სანის შეუმსუბუქდა და საბოლოოდ მოეხსნა ის კლინიკური ნიშნები, რომლებიც მას ყოველდღიურ დისკომფორტს უქმნიდა და მნიშვნელოვნად აუარესებდა სიცოცხლის ხარისხს.
პირველი ვიზიტის შემდეგ, გასული 8 თვის განმავლობაში, სანი არაერთხელ დაბრუნდა ვეტერინარიუმში განმეორებითი კარდიოლოგიური გამოკვლევებისა და მდგომარეობის მონიტორინგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი დაავადება კვლავ მძიმე სტადიაშია, მკურნალობის ფონზე შენარჩუნებულია კლინიკური სტაბილურობა და სანი თავს კარგად გრძნობს.
სანის ისტორია გვაჩვენებს, რომ გულის დაავადების ბოლო სტადიაზეც კი სწორ დიაგნოსტიკას, ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობასა, რეგულარულ მონიტორინგს და პატრონის ნებისყოფას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტის სიცოცხლის ხარისხი.
სანის კლინიკურ შემთხვევას მართავს ვეტერინარიუმის კარდიოლოგი და ანესთეზიოლოგი ნათია რობაქიძე.
მსგავსი სიახლეები
10 ნოემბერი 2026
ლუკა ლორიას კომპანია ნუტრიმაქსმა ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია გადასცა
28 ოქტომბერი 2026
ამბავი მსუნაგ ფისოზე
27 ოქტომბერი 2026
მეთიუ 6 წლის ფრანგული ბულდოგი
21 ოქტომბერი 2026
ბატკანძერი გამოჯანმრთელდა და ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა
19 ოქტომბერი 2026