პოლიპოიდური ცისტიტი - ჯესის კლინიკური ქეისი

06 ოქტომბერი 2026

ჯესი 8 წლის კოკერ სპანიელია, რომელსაც ვეტერინარიუმში მოყვანამდე თითქმის 1 წლის განმავლობაში ჰქონდა ქვედა საშარდე სისტემის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა ჰემატურია (სისხლიანი შარდი), პოლაკიურია (ხშირი შარდვა) და დიზურია (შარდვის დროს ტკივილი). ჯესის ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთი ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, გაუმჯობესება არ აღენიშნებოდა.

ჩვენს კლინიკაში მოყვანისას, ვეტერინარიუმის თერაპევტმა, ნუცა ბესაშვილმა, დიაგნოსტიკური კვლევა დაიწყო საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფიით. კვლევისას ნუცამ გამოავლინა შარდის ბუშტის კედლის მკვეთრი, დიფუზური და ასიმეტრიული გასქელება, ლორწოვანი გარსის არარეგულარული კონტურით. შარდის ბუშტის სანათურში ასევე ვიზუალიზდებოდა პოლიპის მსგავსი გამონაზარდები.

მსგავსი ულტრასონოგრაფიული სურათი შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო როგორც ქრონიკულ ანთებით პროცესთან, ასევე ონკოლოგიასთან. ამის გამო გადაწყდა ცისტოსკოპიური კვლევის ჩატარება. ცისტოსკოპიის დროს შეფასდა შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი და პარალელურად აღებულ იქნა ბიოფსიური მასალა შემდგომი ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის. ამასთანავე ცისტოცენტეზის გზით შეგროვდა შარდის ნიმუში ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის.

ჰისტოლოგიური კვლევით ონკოლოგიური პროცესი არ გამოვლინდა, ხოლო შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევით დადასტურდა Proteus spp.-ს მნიშნელოვანი ზრდა.

ანამნეზის, კლინიკური სურათისა და ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევების საფუძველზე, ნუცა ბესაშვილმა ჯესის დაუდგინა პოლიპოიდური ცისტიტის დიაგნოზი.

პოლიპოიდური ცისტიტი არის შარდის ბუშტის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა, რომლის დროსაც ლორწოვანი გარსი სქელდება და ვითარდება პოლიპის მსგავსი გამონაზარდები. საინტერესოა, რომ ძაღლებში პოლიპოიდური ცისტიტი ხშირად ქრონიკულ ბაქტერიულ ინფექციასთანაა დაკავშირებული, მათ შორის კი ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი სწორედ Proteus spp.-ია.

ჯესის მკურნალობა წარიმართა ანტიბიოტიკოგრამის საფუძველზე შერჩეული ანტიბიოტიკის კურსით, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატისა და უროლოგიური საკვები დანამატის გამოყენებით. დამატებით შეირჩა დიეტა უროლოგიური ხაზიდან.

მკურნალობის ფონზე მალევე ჯესის კლინიკური ნიშნები სრულიად გაქრა და ის თავს ძალიან კარგად გრძნობს. 

Ჯესი1 (1) Ჯესი2 (1) Ჯესი3 (1)