ლაშა-გიორგი ჯაფარიძის კვლევითი ვიზიტი ალდო ვეცონის კლინიკაში
28 ივლისი 2026
ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი ლაშა-გიორგი ჯაფარიძე უკვე მეორედ იმყოფება 2-კვირიანი კვლევითი ვიზიტით იტალიაში, ალდო ვეცონის კლინიკაში - Clinica Veterinaria Vezzoni.
ვიზიტის ფარგლებში იგი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ვეტერინარული ორთოპედიული კლინიკის დამფუძნებელ და მთავარ ვეტერინართან, ალდო ვეცონისთან, მუშაობს:
- სადოქტორო კვლევაზე
- ახალ სამეცნიერო სტატიაზე
ლაშა-გიორგის სადოქტორო კვლევა ვეტერინარული ორთოპედიის ერთ-ერთ კრიტიკულ და ნაკლებად შესწავლილ საკითხს ეხება - ძაღლებში ციურიხის უცემენტო პროთეზირების სისტემით მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ართროპლასტიკის შემდეგ ბარძაყის ძვლის დატვირთვის შემცირების ფენომენის სისტემურ შეფასებას.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფენომენი კარგად არის აღწერილი ადამიანის ორთოპედიაში, ვეტერინარულ მედიცინაში შესაბამისი მონაცემები ძალზე მწირია. ცოდნის ეს დეფიციტი მნიშვნელოვან პრაქტიკულ პრობლემად რჩება: ვეტერინარ ქირურგებს არ აქვთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მონაცემები, რომლებიც დაეხმარებათ ზუსტად შეაფასონ ბარძაყის ძვლის დატვირთვის შემცირების სიხშირე, სიმწვავე და განვითარების დინამიკა, რაც ზღუდავს ოპტიმალური იმპლანტის შერჩევას, ქირურგიული დაგეგმვის სიზუსტესა და პოსტოპერაციული გართულებების პრევენციას.
სწორედ ამ ცოდნის დეფიციტის შევსება განაპირობებს სადოქტორო კვლევის განსაკუთრებულ აქტუალობას და მას მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს კომპანიონ ცხოველთა ორთოპედიის სწრაფად განვითარებად სფეროში. პირველად ჩატარდება ამ ტიპის სისტემური, სიღრმისეული და ფართომასშტაბიანი ანალიზი, რომელიც ვარაუდებს მტკიცებულებებით ჩაანაცვლებს.
ვიზიტის ფარგლებში ლაშა-გიორგის წვდომა აქვს Clinica Veterinaria Vezzoni-ში ჩატარებული ათასობით ოპერაციის კლინიკურ მონაცემთა ფართომასშტაბიან ბაზაზე. მისი საფუძვლიანი შესწავლის შედეგად მან სადოქტორო კვლევისთვის შეარჩია 240 კლინიკური შემთხვევა და 600 რენტგენოგრაფიული გამოსახულება.
კვლევის შემდეგი ეტაპები მოიცავს:
- რენტგენოგრაფიული გამოსახულებების ანალიზს Horos DICOM Viewer-ისა და vPOP-Pro-ს წინასაოპერაციო დაგეგმვის პროგრამების გამოყენებით
- კლინიკური შემთხვევების დახარისხებას პაციენტების ჯიშის, სქესისა და ოპერაციის დროს ასაკის მიხედვით - 1 წლამდე და 1 წელზე უფროსი ასაკის ჯგუფებად. ეს შესაძლებელს გახდის იმ რისკფაქტორების გამოვლენას, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბარძაყის ძვლის დატვირთვის შემცირების ფენომენის განვითარებაზე.
- მონაცემთა სტატისტიკურ დამუშავებასა და მიღებული შედეგების გაანალიზებას არსებული ვეტერინარული ორთოპედიული ლიტერატურის კონტექსტში.
კვლევით საქმიანობასთან ერთად, ვიზიტის განმავლობაში ლაშა-გიორგი ალდო ვეცონის მიერ ჩატარებულ ორთოპედიულ ოპერაციებშიც მონაწილეობდა და მას ასისტირებას უწევდა. მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ვეტერინარ ორთოპედთან საოპერაციო პროცესში უშუალო ჩართულობა მას შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გაიღრმაოს ცოდნა, გაეცნოს რთული კლინიკური შემთხვევების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და ქირურგიულ ტექნიკებს და მიღებული გამოცდილება ვეტერინარიუმის კლინიკურ პრაქტიკასა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში დანერგოს.
ლაშა-გიორგი ჯაფარიძე ალდო ვეცონის მოწვევით მის კლინიკაში პირველად 2024 წლის სექტემბერში გაემგზავრა. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში განსაზღვრეს ალდო ვეცონმა და ლაშა-გიორგიმ მომავალი სადოქტორო კვლევის მიმართულება და ჩამოაყალიბეს მისი ძირითადი თეზისი.
როგორც პირველი, ისე მიმდინარე კვლევითი ვიზიტი კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისა და ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
მსგავსი სიახლეები
26 ივლისი 2026
გულის ტამპონადა და კატის ინფექციური პერიტონიტი
25 ივლისი 2026
ურატული უროლითიაზი დალმატინელში
13 ივლისი 2026
ნინო ყუშიტაშვილის ინტენსიური პროფესიული გადამზადება ესტონეთში
11 ივლისი 2026
გიორგი ლოლაძე ესტონეთში ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას გადის
10 ივლისი 2026