ENG GEO

Search form

ეკონომიკის სამინისტროს მორიგი შეტევა აგრარულ უნივერსიტეტზე

ეკონომიკის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს და აგრარულ უნივერსიტეტს 400 000 ლარის გარანტიის ვადის გაგრძელებას თხოვს.

აგრარულმა უნივერსიტეტმა ეკონომიკის სამინისტროსგან ახალი უკანონო მოთხოვნა მიიღო. ეკონომიკის სამინისტრო უნივერსიტეტს 400 000 ლარის საბანკო გარანტიის 4 თვით გაგრძელებას თხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირის წინ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკონომიკის სამინისტროს დაევალა აღიაროს უნივერსიტეტის მხრიდან ყველა საინვესტიციო ვალდებულების შესრულება, სამინისტრო კანონის უხეში დარღვევით უგულებელყოფს მოსამართლის გადაწყვეტილებას.

უნივერსიტეტმა მითითებულ ვადებში იმაზე 30%-ით მეტი ინვესტიცია განახორციელა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ეს ყველაფერი კი თავად სამინისტროს მიერ რეკომენდირებულმა 3-მა მაღალი რეპუტაციის მქონე აუდიტორულმა ორგანიზაციამ დაადასტურა. თუმცა, ეკონომიკის სამინისტრომ მაშინაც სრულიად უკანონოდ არ აღიარა ინვესტიციის შესრულება.

სამინისტრომ ამის საპირწონედ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაუსრულებელი დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ექსპერტებმა ზოგიერთი შენობა "ვერ აღმოაჩინეს". შესაბამისად, ამ ეტაპზე ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მხოლოდ 6 მილიონამდე ლარის (ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 მილიონისა) ინვესტიციას ადასტურებს.

იქვეა ხაზგასმული, რომ დასკვნა არასრულია და მათ ამ ეტაპზე არ აქვთ შესწავლილი მეღვინაობა-მევენახეობის აკადემია, კულინარიის აკადემია, კაფეტერია, ვეტერინარული კლინიკა და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელთა ნაწილსაც, როგორც თავად ამბობენ, "ვერ მიაგნეს".